დავით გარეჯი
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი გადაჭიმულია გარეჯის
მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კმ. მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო
ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით. დავით-გარეჯა 22 მცირე მონასტერ-კომპლექსს
მოიცავს,მათგან ზოგი სადავო მონაკვეთზეა მოქცეული, მათ შორისაა ბერთუბანი.
მეცნიერულად გამოკვლეულია, რომ ეს ტერიტორია ძვ.წ.აღ
II ათასწლეულში ტყით იყო დაფარული, ახლა კი ეს რეგიონი ნახევრად უდაბნოს წარმოადგენს. ეს სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა.II და I ათასწლეულებში აქ ინტენსიური ცხოვრება
მიმდინარეობდა, დაწინაურებული იყო რკინის მეტალურგია. რკინის გამოდნობა ინტენსიურად
წარმოებდა,ამისათვის კი საჭირო იყო დიდი რაოდენობით ხის ნახშირი, სწორედ ამან გამოიწვია
ტყის მასიური გაჩეხვა. ამ პროცესს კი შედეგად მოჰყვა წყლის დაკარგვა, ეროზიული პროცესების
გააქტიურება და მიკროკლიმატის შეცვლა. ამ მხარეში ზამთარი მკაცრი და სუსხიანი იცის,
ხოლო ზაფხულში საკმაოდ ცხელა.
მონასტერი არის ღვთის მსახურების, საცხოვრებელი
და სამეურნეო ნაგებობების ერთობლიობა. გარეჯის მონასტრებიდან ერთ-ერთი პირველთაგანი
წმ.დავითის ლავრის სახელითაა ცნობილი. ლავრა ეწოდება დიდ ან განსაკუთრებული მნიშვნელობის
მართლმადიდებლურ მონასტერს.
გარეჯის მონასტრები ძველად უდაბნოს სახელით მოიხსენიებოდა.მაგალითად
დავით-გარეჯის უდაბნო,ნათლისმცემლის უდაბნო. ძველად უდაბნო დაუსახლებელ რაიონებში განმარტოებული
ასკეტი ბერების დასაყუდებელი გამოქვაბულების ერთობლიობას ეწოდებოდა. მოგვიანებით ეს
სახელი გავრცელდა ისეთ მონასტრებზეც, რომლებიც ნაკლებად დასახლებულ, უკაცრიელ ტერიტორიაზე
მდებარეობდა და უმეტესად კლდეში ნაკვეთი ეკლესიების, სენაკების და სათავსოებისაგან
შედგებოდა.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiMF9wZIGnU4nwcrq7YdzfiFWCsWUHYV1kkJIjvGjVtrwaRbkW5WIkPS5Gi0toz6QEUaUi7laElljquu5M3R3FZX9OYEXYVb1JA-BYBOu6WRR-8Jmn_VEMKWddfibR9mdTFm9Ko89B4bUPP/s1600/2.jpg)
Comments
Post a Comment