უდაბნოს მონასტრის მოხატულობა

   უდაბნოს მონასტრიდან სამხრეთ-დასავლეთით იშლება ყარაიას ველი. სამონასტრო ანსამბლი კლდის ზედა ქანშია გამოკვეთილი. ცენტრალურ ნაწილზე მოთავსებულია ღვთისმშობლის სახელობის კლდეში ნაკვეთი მთავარი ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით უკავშირდება სადიაკვნე, სამი ფართო თაღიანი კარით. მთავარი ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად ჩამორღვეულა და ქვეშ დაუტანია მასზე არსებული მოხატულობა. არ აგვერიოს მთავარი ეკლესია და სადიაკვნე, სადიაკვნე შიგნითაა, იქ მთავარი ეკლესიიდან შევდივართ.

   მთავარი ეკლესიის მხატვრობა X- XI საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე მოთავსებულია დავით გარეჯელის ცხოვრებისადმი მიძღვნილი სამი კომპოზიცია. მის ქვემოთ კი საერო და სასულიერო პირები არიან გამოსახულნი ორ ჯგუფად. ერთი მათგანი წარმოდგენილია ეკლესიის მოდელით ხელში. კომპოზიციები ვითარდებიან მარჯვნიდან მარცხნივ და თითოეული თემა მოჩარჩოებით გამოიყოფა.

   პირველი კომპოზიციაა ,,ლუკიანე წველის ირმებს“. მხატვრობის ეს ნაწილი სანახევროდ დაზიანებულია. კომპოზიციის მარჯვენა მონაკვეთზე გაირჩევა კლდის ყვითელ მასივში გამოკვეთილი გამოქვაბული, რომელიც პირობითად ლავრას განასახიერებს. მის წინ მთელი ტანით მდგარა დავით გარეჯელი. კომპოზიციის ძირითადი ნაწილი ირმებს ეთმობა. ლუკიანეს თავი შარავანდედით აქვს შემოსილი, დაბალ სკამზე ზის, წინ საწველი ჭურჭელი უდგას, შემოსილია სამონაზვნო სამოსით. აქ მოთხრობილია ირმების ბერებთან გამოჩენის ამბავი.

   მეორე კომპოზიციაა ,,ირმები დავითისა და ლუკიანეს წინაშე“. მარჯვენა ნაწილზე კვლავ კლდის მასივში გამოკვეთილი გამოქვაბულია გამოსახული, რომლის თეთრ ფონზე მთელი ტანით წარმოდგენილია დავითი. მის მარჯვნივ დგას ლუკიანე. ლუკიანე მარცხენა ხელით ირმების ჯგუფებისკენ მიუთითებს. წმინდანებს შარავანდი მოსავთ. აქ გამოსახულია ამბავი როდესაც გამოქვაბულში მყოფმა გველეშაპმა ერთი ნუკრი შეჭამა და ლუკიანემ დავითს აუწყა ამის შესახებ.

   მესამე კომპოზიცია ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილზეა მოთავსებული და კვლავ ირმების თემას უკავშირდება-,,გველეშაპის დაწვა“. კომპოზიციია მარჯვენა ნაწილზე შარავანდმოსილი დავითი დგას, თავი მარჯვნის მკვეთრად აქვს შებრუნებული. კომპოზიციის მარცხენა ნაწილზე მოთავსებულია გველეშაპი, რომელიც ცეცხლის ალში იწვის. ზედა ნაწილში მფრინავი ანგელოზია გამოსახული, დაბლა, გველეშაპის მიმართულებით გაწვდილი აქვს მარჯვენა, საიდანაც კლაკნილი ხაზი ეშვება, რაც გველეშაპის დამწველ მეხს აღნიშნავს.


   ქვემოთ მოთავსებულია ქტიტორთა ორი ჯგუფი, პირობითად ,,სამფიგურიანი“ და ,,ოთხფიგურიანი“. ,,ოთხფიგურიან“ ჯგუფში დავით გარეჯელი და მისკენ ვედრებით მიმართული პირები არიან წარმოდგენილი. აქ მოთავსებული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელიც ახლა ძნელად გაირჩევა, გვაუწყებს, რომ ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია 983 წელს. თუმცა ეს წარწერა მხოლოდ ეკლესიის მოხატვას უნდა ათარიღებდეს და არა ეკლესიის გამოკვეთას, რადგან იგი IX საუკუნეში უკვე გამოკვეთილი იყო. მთავარი სადიაკვნეს კედლის მხატვრობის პირველი ფენა IX საუკუნის II ნახევრით თარიღდება, ხოლო მასში მოხვედრა მხოლოდ მთავარ ეკლესიაზე გავლით არის შესაძლებელი.

Comments

Popular posts from this blog

დავით გარეჯი