სადიაკვნეს მოხატულობა

სადიაკვნეს მოხატულობაში გამოიკვეთება სამი სხვადასხვა ხანის ფენა, მათი შესრულების დრო კი IX, XIII და XIV საუკუნეებით თარიღდება.

  მხატვრობის პირველ ფენაში წარმოდგენილია დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი ყველაზე ადრინდელი ხანის ნაწარმოები. ყურადღებას იქცევს მოხატულობის განაწილების სქემა. თავდაპირელად მოხატეს მხოლოდ ცალკეული მონაკვეთები: აფსიდი, ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთი და დასავლეთი მონაკვეთები (რომელთა შორის კედელი მოუხატავია), დასავლეთის კედელი მთლიანად და რამდენადაც მეორე ზედა ფენის მოხატულობის ქვეშ გაირჩევა, სამხრეთის კედლის მხოლოდ აღმ. და დას. ნაწილები. კომპოზიციები მოთავსებულია კედლის მხოლოდ ზედა ნაწილზე.

   აფსიდში დაცულია მხატვრობის უძველესი ფენა, სადაც გამოსახულია ,,ვედრების“ საზეიმო კომპოზიცია. მაცხოვარი გამოსახულია ფეხზე მდგომი, მარჯვენა ხელი ზევით აქვს აღმართული კურთხევის ნიშნად,მარცხენა ხელში გადაშლილი წიგნი უჭირავს. მარცხნივ ღვთისმშობელია ვედრების ტრადიციულ პოზაში. მარჯვნივ ასევე ვედრების პოზაში, წარმოდგენილია წინამორბედი. მაცხოვრის ორივე მხარეს გაირჩევა ასევე ქერუბიმების ფრთების ზედა ნაწილები. აღნიშნული კომპოზიცია გადაწერილია მეორე პერიოდის მხატვრობის ფერწერულ მანერაში, რომლის დროსაც მაცხოვარი გამოუსახავთ ,,საყდარზე“ მჯდომი. დროთა განმავლობაში ზედა ფენის საღებავები ჩამოცვენილა და კომპოზიცია ამჟამად თითქმის მისი თავდაპირველი სახითაა დაცული. მხატვრობის პირველ ფენას ეკუთვნის ცეცხლოვან ეტლზე წარმოდგენილი ელია წინასწარმეტყველი, გამოსახული ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილზე.

   მხატვრობის უძველეს ფენას მიეკუთვნება დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებიც. ეს კომპოზიციები მოთავსებულია დასავლეთი კედლის მთელ სიბრტყეზე და ჩრდილოეთი კედლის თითქმის ნახევარზე. XIII საუკუნეში თავდაპირველი მოხატულობა კირის თხელი ხსნარით დაუფარავთ და ახლად მოუხატავთ. აქედან ჩრდილოეთ კედელზე წარმოდგენილი სიუჟეტები მეორე პერიოდის მოხატულობისაა და წმინდა ნინოს ცხოვრებისადმია მიძღვნილი. აღნიშნული კომპოზიციები კედლის ზედა ნაწილზეა მოთავსებული და ფარავს ქვედა ფენის მხატვრობას. კერძოდ, დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტების ერთ ნაწილს. კომპოზიციები მარჯვნიდან მარცხნივ შემდეგი თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი: ,,ღვთისმშობლის გამოცხადება წმ. ნინოსთან“, ,,სვეტიცხოვლის სასწაულებრივი აღმართვა“, ,,უფლისწულ რევის განკურნების სასწაული“. მეოთხე კომპოზიცია დაზიანებულია და აღარ გაირჩევა. დასავლეთის კედელზე, მარცხნიდან მარჯვნივ მეორე პერიოდის მხატვრობის შემდეგი კომპოზიციებია წარმოდგენილი: ,,ლაზარეს აღდგინება“, ,,ქრისტე და სამარიტელი ქალი“, ,,ბრმის განკურნება“. ჩრდილოეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლების ქვედა რეგისტრზე მთელი ტანით გამოსახულნი არიან წმინდა მოღვაწენი. მხატვრობის ამავე ფენას ეკუთვნის ,,ვედრების“ ორივე მხარეს გამოსახული ანგელოზთა დასი და ჭერის მხატვრობა მთლიანად, რომლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე წარმოდგენილია ოთხი ანგელოზით ამაღლებულ მედალიონში გამოსახული ,,საყდარი განმზადებული“. დასავლეთი ნაწილი გუმბათიანი ტაძრის სქემას იმეორებს: ცენტრში გამოსახულია წრეში ჩაწერილი ჯვარი, რომელსაც ოთხი ანგელოზი ამაღლებს. ჯვრიდან თანაბარ მანძილზე მოთავსებულია ოთხი მედალიონი, წელამდე გამოსახული მახარებლებით. მხატვრობის ეს ფენა შესრულებულია 1272-1289 წლებში.

   შედარებით გვიანი ხანისაა სამხრეთის კედლის მხატვრობა, რომელიც წინა ორი სხვადასხვა დროის მხატვრობისაგან განსხვავდება სტილითა და მანერით, უნდა აღინიშნოს რომ აქაც შეიმჩნევა მხატვრობის ქვედა, ადრეული ფენის ნიშნები. დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი თემების განვითარება იწყება კედლის დასავლეთიდან, მარცხნიდან მარჯვნივ მიმართულებით და მთავრდება ჩრდილოეთ კედელზე. კომპოზიციები მოჩარჩოების გარეშეა და ერთ მთლიან მხატვრულ ზოლად აღიქმება.

   პირველი კომპოზიცია,დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილზე, ყველაზე მეტადაა დაზიანებული-,,დავით გარეჯელი და ლუკიანე“. აქ ერთმანეთის პირისპირ მჯდომი ორი სასულიერო პირია გამოსახული.

   მეორე კომპოზიცია-,,დავით გარეჯელის ლოცვა“ მთაგრეხილის მარჯვენა ნაწილში ქარაფოვან კლდეზე აღმართული მონუმენტური ხით მთავრდება. მის წინ დიდი ზომის ჯვარია აღმართული. მონუმენტური ჯვრის წინაშე, ორ ხეს შორის, დგას დავით გარეჯელი. წინ გაწვდილი ხელებით გადაშლილი წიგნი უჭირავს. გამოსახულების თავი აღარ გაირჩევა.

   მესამე სიუჟეტი მოთავსებულია დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთზე. მეორე პერიოდის მხატვრობას ეს კომპოზიცია მთლიანად დაუფარავს. შესაძლო ხდება მხოლოდ ძირითადი იკონოგრაფიული სქემის გარკვევა. წინა პლანზე გამოსახულია მუხლმოყრილი ბერი, ხელები დაბლა, მიწისკენ აქვს გაწვდილი და ვედრებასა თუ ლოცვას გამოხატავს. შემოსილია გრძელი სამონაზვნო სამოსით და გრძელი მოსასხამით. ამ კომპოზიციაში ასახულია მწარე წყლის ტკბილად გადაქცევის სასწაული.

   დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი გრძელდება ჩრდილოეთ კედელზე, რომლის დასავლეთ ნაწილზე ერთ-ერთი ყველაზე საზეიმო ელფერის კომპოზიციაა წარმოდგენილი. პერსონაჯები მონუმენტურ მთაში გამოკვეთილი გამოქვაბულის ღია ფერის ფონზე არიან მოთავსებული. დავით გარეჯელს ხელები გაუწვდია ლოცვის თუ ვედრების ნიშნად, შემოსილია ღია ფერის სამონაზვნო სამოსით. სახე კარგად არ გაირჩევა. კომპოზიციის მარჯვენა ნაწილზე გამოსახულია ახალგაზრდა ბერი, რომელსაც ორივე ხელით უჭირავს ბარი, ოდნავ წინ წახრილია და მიწას ბარავს. ეს ბერი ლუკიანეა.

   შემდეგი კომპოზიცია ,,დავით გარეჯელის იერუსალიმში წასვლა“ მეორე პერიოდის მხატვრობას თითქმის მთლიანად დაუფარავს. აქ მეორე პერიოდის მხატვარს ,,სვეტიცხოვლის სასწაულებრივი აღმართვა“ გამოუსახავს.


    ბოლო, საკმაოდ დაზიანებული კომპოზიცია ,,დავით გარეჯელი იერუსალიმის ბჭესთან“ ჩრდილოეთი კედლის ცენტრალურ ნაწილზეა მოთავსებული. იგი გადაწერილია მეორე პერიოდის მხატვრობით ,,ღვთისმშობლის გამოცხადება წმ. ნინოსთან“. ჩამოცვენილი საღებავის ქვეშ გაირჩევა დავით გარეჯელი, რომელიც კარიბჭის წინ მთელი ტანით დგას.

Comments

Popular posts from this blog

დავით გარეჯი