უდაბნოს სატრაპეზო

საყურადღებოა, რომ სატრაპეზოები გარეჯის მონასტერმა საკმაოდ მრავლად და დაუზიანებლად შემოგვინახა. დანიშნულებიდან გამომდინარე ყველა ფართეა და მაღალი. ადრეული პერიოდის სატრაპეზოებში ქვის მაგიდები იდგა რამდენიმე რიგად, კლდიდანვე გამოკვეთილი. დარბაზის განაპირას კლდის ჭა იკვეთებოდა სასმელი წყლის შესანახად. წყალი გარედან თიხის მილების მეშვეობით შემოედინებოდა. ძირითადად დარბაზს საკურთხეველი ემიჯნებოდა აბსიდაზე მოდგმული ტრაპეზით, რაც მხოლოდ ქართული მონასტრების სატრაპეზოებისთვისაა დამახასიათებელი. ტრაპეზის დროს საკურთხეველში მდგომი ბერი წმინდა მამების ცხოვრებას კითხულობდა. უდაბნოს სატრაპეზოც სწორედ ამგვარ სტილზეა აგებული. აქ მაგიდების ორი მწკრივია, სადაც ბერები დაჩოქილნი ჭამდნენ. აქედან არის წყლის რეზერვუარიც. უდაბნოს სატრაპეზო შესანიშნავი ფრესკებითაც გამოირჩევა.

   დავით გარეჯის ყველაზე ადრეული ხანის გამოსახულება სწორედ უდაბნოს მონასტრის სატრაპეზოს კედლის მხატვრობაში გვხვდება. სატრაპეზოში ორი სხვადასხვა პერიოდის მხატვრობაა დაცული. თავდაპირველი მოხატულობა X საუკუნის II ნახევარს განეკუთვნება, მეორე პერიოდის მოხატულობა კი XIII საუკუნეს ეკუთვნის.

   სატრაპეზოს სამხრეთი ნაწილი ჩამორღვეულია. შინაგანი სივრცე დანაწევრებულია ორი მასიური ოთხკუთხა სვეტით, რომელზეც სამი ფართო თაღია დამყარებული. ორივე სვეტის სამხრეთის სიბრტყეზე სვიმეონ საკვირველმოქმედი და სვიმეონ ალეპოელია გამოსახული. დასავლეთის სვეტის აღმოსავლეთის სიბრტყეზე, მთელი ტანით გამოსახულია დავით გარეჯელი, ხოლო აღმოსავლეთის სვეტის დასავლეთის სიბრტყეზე-წმ. ექვთიმე მთაწმინდელი. დავით გარეჯელს ხელები მკერდის წინ აღუპყრია კურთხევის ნიშნად და თავზე შარავანდი ადგას. ეს მხატვრობა სატრაპეზოს მოხატულობის პირველ ფენას მიეკუთვნება, თანადროულია მთავარი ეკლესიის 983 წლის მხატვრობასთან და სტილისთურად დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს მასთან. როგორც ჩანს, ერთი მხატვრის ნაწარმოებს უნდა წარმოადგენდეს.უდაბნოს მონასტრის სატრაპეზოს მეორე პერიოდის (XIII საუკუნე) მხატვრობაში დავით გარეჯელის განცალკევებული გამოსახულებაა ჩართული. ჩრდილოეთ კედელზე, თაღიდან მარცხნივ გამოსახულია დავით გარეჯელი ორანტას პოზაში (ხელაპყრობილი). თმა, უდაბნოს სატრაპეზოს სვეტზე გამოსახულ დავითთან შედარებით მოკლე აქვს. წმინდანი შარავანდმოსილია.


   დავითისგან მარჯვნივ, თაღის საკეტთან გამოსახულია მანდილიონი-მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომლის საქართველოში ჩამოტანა ანტონ მარტყოფელს მიეწერება,ერთ-ერთ ასურელ მამას. ამიტომ თავიდან ეგონათ, რომ აქ ანტონ მარტყოფელი იყო გამოსახული.

Comments

Popular posts from this blog

დავით გარეჯი