ისტორია

   მონასტერი VI საუკუნის I ნახევარში დაარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა-დავითმა. საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, ასურელი მამები საქართველოში სირიიდან მოვიდნენ VI საუკუნეში. მათი მოღვაწეობის მიზანი საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. მათ შორის იყო დავითიც.

   მამა დავითმა თავდაპირველად სამოღვაწეოდ თბილისის მიმდიბარე ტერიტორია აირჩია. ის თავის მოწაფესთან ლუკიანესთან ერთად, ქალაქის დასავლეთით მდებარე მთის ფერდობზე ერთ გამოქვაბულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. მოგვიანებით იმ ადგილას ეკლესია აიგო და მას დღესაც მამა დავითის ეკლესია ეწოდება. მამა დავითის ლოცვით გამოქვაბულის მახლობლად სასწაულმოქმედმა წყალმა ამოხეთქა და ამ წყაროს წყალობით მრავალი სნეული იკურნებოდა.

   ასევე მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისში მდებარე ქაშუეთის ეკლესიის სახელწოდებაც. მთაზე დასახლებული ბერები მცენარეებით იკვებებოდნენ და დღეებს ლოცვაში ატარებდნენ. კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს ქალაქში ჩამოდიოდნენ საქადაგებლად. ამ დროს თბილისში ცეცხლთაყვანისმცემლობა იყო გავრცელებული. მამა დავითმა ბევრი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მოგვები ხედავდნენ, რომ წმინდანი ხალხში უფრო და უფრო დიდი სიყვარულს იხვეჭდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდნენ მისი სახელი შეებღალათ. ერთ დღეს, საქადაგებლად ქალაქში ჩამოსულ მამა დავითს მეძავი ქალი მიუგზავნეს. მან წმინდანის გარშემო შეკრებილ ხალხს უთხრა,რომ მამა დავითმა მასთან იმრუშა და მისგან ბავშვს ელოდა. მაშინ მამა დავითმა მოახდინა სასწაული, მან ქალს მუცელზე კვერთხი შეახო,რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული და ნაყოფს უბრძანა ნამდვილი მშობლის ვინაობა გაემხილა. მანაც ვიღაც მჭედელი დაასახელა. იმ მოგვებმა, ვინც მოძღვარს ქალი მიუგზავნეს, ამის დანახვაზე ქალს ქვები დაუშინეს,მათ იქ მყოფებიც აჰყვნენ. მამა დავითმა ვერ შეძლო მათი შეჩერება და ხალხმა ცილისმწამებელი ქვებით ჩაქოლა. ამ ამბის შემდეგ გულგატეხილმა ბერმა, თავის მოწაფესთან ლუკიანესთან ერთად ქალაქი დატოვა. იმ ადგილას კი სადაც წმინდა მამა ხშირად ქადაგებდა ამჟამად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა აღმართული. გადმოცემის თანახმად მეძავმა ქალმა ბავშვის ნაცვლად ქვა დაბადა და სწორედ ამიტომ ქვია ამ ტაძარს ,,ქვაშვეთი“ ანუ ,,ქაშუეთი“.

   მამა დავითმა, განდეგილთა წესისამებრ,ხალხისგან მოშორებით ისურვა მოღვაწეობა. ამისათვის მან კახეთში ეს ადგილი ამოირჩია. ეს იყო მზისგან გადამწვარი, ქვეწარმავლებით სავსე კლდოვანი ადგილი. მამა დავითი, თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად თავდაპირველად პატარა ბუნებრივ გამოქვაბულში დაეყუდა. მონასტერს დავითის სახელი დაერქვა,ხოლო სიტყვა გარეჯა-გარეთ სჯას ნიშნავს. რაც დავითის იმდროინდელ მდგომარეობაზე მიუთითებს, როდესაც ის ქალაქიდან თვით განსჯის მიზნით სრულიად უკაცრიელ ადგილას გადმოსახლდა.

   სანამ მონასტრის ისტორიას მოგითხრობდეთ გაგაცნობთ ლავრის კარიბჭეზე გამოსახულ რელიეფებს და მოგიყვებით მამა დავითთან დაკავშირებულ სასწაულებზე. კარიბჭე აშენებულია მე-17 საუკუნეში, მაშინ როდესაც მონასტრის წინამძღოლი იყო ონოფრე მაჭუტაძე. აქ ამოკვეთილი ცხოველთა გამოსახულებები და ნუსხა-ხუცურით შესრულებული წარწერები დაკავშირებულია წმ. დავითის ცხოვრებასთან.

   გამოსახულებების შუა რიგში, აქეთ-იქით ქვაში ამოკვეთილია ირემი ნუკრთან ერთად. როდესაც მამა დავითი ლუკიანესთან ერთად აქ დასახლდა, თავიდან ბერები მცენარეებით იკვებებოდნენ. ზაფხულში მწვანე საფარმა მზის მხუნვარებას ვეღარ გაუძლო და გადახმა, რის გამოც ლუკიანე შეშფოთდა. მაგრამ მამა დავითმა ის ანუგეშა და სწორედ ამ დროს მათ წინ ორი ირემი გაჩნდა ნუკრთან ერთად. მას შემდეგ ბერებს ჰქონდათ რძე. მათი ცხოვრების ეს ეპიზოდი ხშირად შეგხვდება გარეჯის კედლის მხატვრობაში.

   ზედა რიგის ცენტრში გამოსახულია ფრინველი, რომელსაც კლანჭებით თევზი უჭირავს. ეს გამოსახულება დაკავშირებულია ამბავთან, რომელიც მოხდა მაშინ როდესაც ლავრის წინამძღვარი იყო მამა მარკოზი. ერთხელ ხარების დღესასწაულზე ბერებს არ ჰქონდათ თევზი. ისინი მინდორში გავიდნენ მსხლის მოსაკრეფად. ამ დროს გადაიფრინა ფრინველმა, რომელსაც კლანჭებით თევზი მიჰქონდა და ბერების ფერხთით ჩამოაგდო.

   ზედა რიგის კიდეებში გამოსახულია ორი ყორანი, რომლებსაც ნისკარტით ვაშლი მიაქვთ. ლავრის ეზოში იდგა ვაშლის ხე, რომლიდანაც ვაშლები გამუდმებით ქრებოდა. ერთხელ ბერი დაუდარაჯდა. აღმოჩნდა რომ ორი ყორანი მოფრინდებოდა, კრეფდა ამ ვაშლს და შემდეგ გამოქვაბულში მიჰქონდათ, სადაც ასკეტი ბერი იყო დაყუდებული.

   ქვედა რიგში, აქეთ-იქით გამოსახულია ჯაჭვით დაბმული ორი ლომი, რაც მიგვანიშნებს იმაზე რომ ღვთისადმი მინდობილებმა, ტაძარში შესვლამდე უნდა დავთრგუნოთ ლომი ისევე როგორც დაიმორჩილა წმინდა დავითმა გველეშაპი. გველეშაპი იმ ირმებს ჭამდა,რომლებიც ბერებს კვებავდნენ. დავითმა გველეშაპს უბრძანა გასცლოდა იქაურობას. ეშმაკი, რომელიც გველეშაპის სხეულში დაბუდებულიყო ადამიანის ხმით შეევედრა: იყოს ნება შენი, გაგშორდები, ოღონდ გთხოვ, თვალი არ მომაშორო სანამ მთას გადავიდოდე, რადგან ვშიშობ რომ შენი გამწარებისთვის ღმერთმა არ დამფერფლოს. დავითი დაპირდა რომ თხოვნას შეუსრულებდა. გველეშაპი თითქმის სამშვიდობოს იყო გასული, როდესაც უფლის ანგელოზმა ბერს სახელით დაუძახა. აიხედა თუ არა წმინდა დავითმა ზევით გველეშაპს მეხი დაეცა და დაიფერფლა. ფრესკაზე დავითს თავი მკვეთრად აქვს შემობრუნებული მარჯვნივ და ზევით იყურება,საიდანაც ანგელოზის ხმა შემოესმა. ანგელოზმა აუწყა დავითს, რომ გველეშაპი ზღვაში შესვლას აპირებდა სადაც ხალხს დიდ ზიანს მოუტანდა. ამიტომ მასზე მოწეული რისხვა ღვთის განგება იყო.

   დავითის მიერ შექმნილ პირველ მონასტერს დავითის ლავრა ეწოდება. პირველი ეკლესია, რომელიც აქ აშენდა, ლავრის ქვედა ეზოში მდებარეობს და ფერიცვალების სახელს ატარებს. ის რუსთავის ერისთავის ბუბაქარის სახელთანაა დაკავშირებული. უდაბნოში ფრინველზე სანადიროდ გამოსული ბუბაქარი შემთხვევით შეხვდა წმინდა მამას, მოიხიბლა მისი ქადაგებით და ქრისტიანობაც მიიღო. შემდგომში ბუბაქარი გარეჯში სამშენებლო საქმიანობის მთავარი ქტიტორი გახდა.

   ამავე საუკუნეში დავითის მოწაფეებმა დააარსეს სხვა მონასტრებიც: ლუკიანემ-ნათლისმცემელი და დოდომ-დოდოს რქა. როგორც უკვე გითხარით აქ თავდაპირველად მხოლოდ მამა დავითი და ლუკიანე დასახლდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ სხვა ბერებიც შეუერთდნენ. მათ შორის იყო ბერი დოდო, წარმოშობით კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი. მამა დავითმა მას შესთავაზა მოპირდაპირე კლდის წვერზე სენაკები გაეშენებინა და თან მეუდაბნოეთა ნაწილი წაეყვანა. ბერმა დოდომ ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც კი ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება დოდოს რქა.

   მამა დავითმა წესად შემოიღო მათთან დასახლების მსურველს კლდეში სენაკი გამოეკვეთა და სამი წელი განმარტოებით ეცხოვრა. ეს ერთგვარი გამოცდაც იყო მათთვის და უფლისკენ სავალი გზაც. ბევრი გამოსაცდელი ვადის შემდეგ მონასტერში აღარ ბრუნდებოდა, განდეგილობას ირჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სენაკში რჩებოდა. ასე იზრდებოდა მეუდაბნოე ბერთა რიცხვი. სწორედ ამიტომ ლუკიანემ კიდევ ერთი სამონასტრო განშტოება-ნათლისმცემელი გააშენა გარეჯის უდაბნოში. ის ლავრიდან დაახლოებით 8 კმ.ში მდებარეობს. მისი მთავარი ეკლესია კლდეში ნაკვეთია და იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობისაა.

   მონასტრების დაარსების შემდეგ მამა დავითი იერუსალიმში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად. რამოდენიმე ბერთან ერთად გზას გაუდგა. მალევე მიადგნენ მადლის ქედად წოდებულ მთას, საიდანაც წმინდა ქალაქი მოჩანდა. მამა დავითმა წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია თავი და სანამ მისი მხლებლები იერუსალამის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ის ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. მამა დავითმა მადლის ქედიდად სამი ქვა წამოიღო. იმავე ღამით იერუსალამის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა რომ ბერმა იერუსალიმის მთელი მადლი წაიღო, ამიტომ ილიამ სთხოვა მამა დავითს ორი ქვა უკან დაებრუნებინა. მესამე ქვა კი მამა დავითმა გარეჯში წამოიღო. ამბობენ ეს ქვა სასწაულმოქმედია, არსებობს მოსაზრება რომ როდესაც უფალი გოლგოთაზე მიჰყავდათ ამ ქვას ფეხით შეხებია. ის ახლა თბილისში, სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში ინახება სხვა სიწმინდეებთან ერთად. პილიგრიმობიდან დაბრუნებული მამა დავითი მალევე გარდაიცვალა. წმინდანის სხეული ფერისცვალების ეკლესიაში საკურთხეველთან მარჯვნივ დაკრძალეს. მის საფლავზე მადლის ქვის ასლია დაბრძანებული. ორიგინალი კი თბილისში სამების საკათედრო ტაძარში ინახება. ამბობენ რომ დავით გარეჯის მონახულება-მოლოცვა 3-ჯერ, ერთხელ იერუსალიმში ყოფნის ტოლფასია. ფერიცვალების ეკლესიაში ასევე დაკრძალულია ლუკიანე. XIX საუკუნეში გ.საბინინმა ამავე ეკლესიაში წმ. დოდო გადმოასვენა. დოდოს და ლუკიანეს საფლავები ჩრდილოეთ კედლისკენ, საკურთხეველთან ახლოსაა. ეკლესია განახლებულია და მასში ფრესკები არ არის, მხოლოდ შეთეთრებული კედლებია და ხატები, რომლებიც ძირითადად დავით გარეჯის ისტორიასთანაა დაკავშირებული. ჩრდ. კედელზე კიდია დიდი ხატი, სადაც 6000 ბერია გამოსახული,რომლებიც 1616 წელს შაჰ აბასმა აღდგომის ღამეს დახოცა. ხოლო სამხრეთის კედელზე კი დიდი ხატი კიდია, რომელზეც დავით-გარეჯის კომპლექსში შემავალი მონასტრები და მათთან დაკავშირებული სასწაულებია წარმოდგენილი. ზოგიერთი მოტივი იგივეა და მეორდება რაც შესასვლელი კარის რელიეფებზე.

   დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნეში მოხდა წმინდა მამის ილარიონ ქართველი მიერ. ის 14 წლის მოხვდა დავით გარეჯში და ერთ პატარა გამოქვაბულში დაეყუდა. უდაბნოში ის 10 წელი იყო.ცხოვრების დიდ ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა, სადაც ეცნობოდა ქრისტიანული სამყაროს უდიდეს კერებს. სახელი ქართველი მას საბერძნეთში შეარქვეს.დაკრძალულია კონსტანტინოპოლის მახლობლად ჰრომანიის (რომანიის) ქართველთა მონასტერში. ილარიონ ქართველს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში. მან გააფართოვა და გადააკეთა წმინდა დავითის მიერ გამოკვეთილი ფერისცვალების ეკლესია. ეს ახალი ფორმები შემდგომში აშენებულ ეკლესიებში მეორდებოდა, ამ სტილს ილარიონ ქართველი არქიტექტურულ სტილს უწოდებდნენ. უდაბნოს მონასტერი, რომელსაც ასევე ვიხილავთ, IX საუკუნეში ბერებმა ილარიონ ქართველის მოღვაწეობის დროს გამოკვეთეს. მამა დავითისა და მამა ლუკიანეს ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები პირველად სწორედ უდაბნოს მონასტრის კედლებზე აისახა.

   IX საუკუნეში გარეჯის მონასტერს სელჯუკები შემოესივნენ, რის გამოც შეფერხდა მისი განვითარება, თუმცა ცხოვრება აქ არ შენელებულა. შემდგომში სელჯუკები დავით აღმაშენებელმა განდევნა საქართველოდან და XI- XIII საუკუნეებში გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია. დაარსდა ახალი მონასტრები: ჩიჩხიტური და ბერთუბანი. გაფართოვდა და კეთილმოეწყო დავითის ლავრა. მონასტერში სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმინდა დავითმა მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობა ეკლესიებსა და სატრაპეზოებში( IX დან). უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავის შემოქმედების მწვერვალს უდაბნოს მოხატულობაში მიაღწია.

   გარეჯის ფრესკები უნიკალურია,რადგან მათ შემოგვინახეს ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი: ნათლისმცემლის უდაბნოში-დავითის, ბერთუბანში-თამარ მეფის და ლაშა-გიორგის,ხარების ეკლესიაში-დემეტრე თავდადებულის და სხვა ქტიტორების უდაბნოში.

   XIII საუკუნეში, 1265 წელს მონღოლებმა ბერქა ყაენის სარდლობით, გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები. ცეცხლს მისცეს ხელნაწერები და სიწმინდეები. შეწყდა ცხოვრება ბერთუბანში, აოხრდა ლავრის,დოდოს რქის და ნათლისმცემლის მონასტრები. უდაბნოს ბერები საერთო ძალისხმევით ცდილობდნენ სამონასტრო ცხოვრების აღდგენას, მაგრამ XIV- XV საუკუნეთა მიჯნაზე თემურ ლენგმა დაარბია საქართველო და გაანადგურა ეს კომპლექსიც. ამის შემდეგ გარეჯი კიდევ დიდხანს ვეღარ გაიმართა წელში. სწორედ ამავე პერიოდში შეწყვიტა არსებობა მონასტრის სამხატვრო სკოლამ.

   XV საუკუნეში მეფეთა დახმარებით დრო და დრო ხდებოდა მონასტრის შეკეთება და შეიძლება დროთა განმავლობაში ძველი ბრწყინვალებაც დაებრუნებინათ, მაგრამ 1615 წელს სპარსეთის შაჰი დიდძალი ლაშქრით თავს დაესხა საქართველოს. ქვეყნის დაპყრობისა და აოხრების შემდეგ 1616 წელს, იგი სანადიროდ გაემართა გარე კახეთის ველებში. შაჰს შემოაღამდა და მისი ყურადღება მიიპყრო შორს მთაზე მოძრავმა ცეცხლოვანმა მწკრივმა. მას აუხსნეს რომ იმ ადგილებში ბერები ცხოვრობდნენ, რომლებიც იმ ღამით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ყველა დავით გარეჯში მოღვაწე ბერი ამ დიდებულ დღესასწაულს აქ(ვაჩვენებთ) აღდგომის ტაძარში იკრიბებოდა. თვითონ ტაძარი IX საუკუნისაა. შაჰმა მონასტერში ბერებს შეუთვალა სჯულის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ამოხოცვა ბრძანა. სპარსი მეომრები წირვის ბოლოს, მამაოჩვენოს გალობისას გარს შემოევლნენ აქაურობას. მონასტრის წინამძღვარმა მხოლოდ ის სთხოვა მტერს მიეცათ მისთვის წირვის დასრულებისა და ზიარების საშუალება.მეომრები დათანხმდნენ. ამბობენ, ზიარების შემდეგ ბერები გამოდიოდნენ ტაძრიდან სადაც მათ სპარსელები ხვდებოდნენ და თავს ჰკვეთდნენ. ასე ეწამა 6000 ბერი ქრისტიანობას აღდგომის ღამეს 1616 წელს. მოგვიანებით მეფე არჩილმა შეაგროვა მოწამეთა ძვლები და ქვის ჩასასვენებელში ერთად მოათავსა. იმ ადგილას მან მოწამეთა პატარა ეკლესია ააგო. ხოლო წამებული ბერების წმინდა ნაწილები დღეს ფერისცვალების ეკლესიის საკურთხეველშია დასვენებული ( იმავე ღამეს ლავრის წინამძღვარს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა რაც ელოდათ ბერებს,ასევე უთხრა რომ ვისაც ამქვეყნიური ცხოვრება სურდა შეენარჩუნებინა შეეძლო გაქცეულიყო, ხოლო ვისაც მარადიული ცხოვრება სურდა-უფალი მათ გვირგვინს უმზადებდა. წინამძღვარმა ყველას უამბო გამოცხადების შესახებ. მხოლოდ ორ მორჩილს შეეშინდათ სიკვდილის და მონასტრის მოშორებით მთაზე დაიმალნენ. ისინი თვალს ადევნებდნენ როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ სპარსელები ბერებს. დაინახეს ზეცაში გადმოსული გვირგვინები, რომელთაგან ორი ცალკე იყო გამოკიდებული ჰაერში. მორჩილები სინანულით აივსნენ, მათაც მოუნდათ მარადიული სიცოცხლე. ამიტომ სასწრაფოდ უკან მიბრუნდნენ და სპარსმა მხედრებმა ისინიც ხმლით განგმირეს. გადმოცემის თანახმად იმ ადგილას ამოვიდა ვარდის ბუჩქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხარობდა უწყლო,მშრალ და ქვიან ნიადაგზე)

   XVII საუკუნის ბოლოს მეფე თეიმურაზი და შემდეგ მეფე არჩილი ცდილობდნენ დავით გარეჯში სამონასტრო ცხოვრების აღდგენას. ეს მხოლოდ 1690 წელს მოხერხდა, როცა მონასტრის წინამძღვრად ერეკლე I-მა ონოფრე გარეჯელი (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე) დანიშნა. იგი ენერგიულად იღწვოდა სამონასტრო ცხოვრების აღორძინებისათვის, რისთვისაც დავით გარეჯის უდაბნოს მეორე აღმაშენებელი უწოდეს. მისი ორმოცი წლის მოღვაწეობის შედეგად გარეჯს დაუბრუნდა დაკარგული მიწები,გარეჯის მფლობელობაში იყო სოფლები: ხაშმი,ნინოწმინდა,მანავი თავისი ვენახებითა და სახნავ-სათესი მიწებით,ასევე საგარეჯო (სახელიც აქედან მოდის). ამ პერიოდში აშენდა გალავანი, მტრისგან დასაცავად, კარიბჭე რომელიც დავათვალიერეთ, ციხე-კოშკებით გამაგრდა მონასტრები, აშენდა სატრაპეზოები. 1699 წელს მისი ინიციატივით შედგა ჰაგიოგრაფიული კრებული, რომელშიც პირველად გაერთიანდა ასურელ მამათა ცხოვრების ამსახველი თხზულებანი.


   XVIII საუკუნეში ხშირი თავდასხმების შედეგად,გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი გაუკაცრიელდა. მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი. XX საუკუნის დასაწყისში გარეჯის მონასტრები აღარ მოქმედებდა. 1948 წელს მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო-საწვრთნელი პოლიგონი მოეწყო. საბჭოთა ოფიცრები სამიზნეებად გაუქმებული მონასტრების ქვაბულებს იყენებდნენ. ამის შედეგად განადგურდა და მნიშვნელოვნად დაზიანდა ბევრი ძეგლი. 1991 წელს სამთავრობო დადგენილებით ეს პოლიგონი გაუქმდა.

Comments

Popular posts from this blog

დავით გარეჯი